კახა კალაძე: ” სპეციალისტთა რეკომენდაციებს სრულად ვითვალისწინებთ”

დედაქალაქის მერმა  სამთავრობო სხდომაზე  მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა  და აღნიშნა, რომ  მერია ითვალისწინებს სპეციალისტთა რეკომენდაციებს და ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით,  ამ დრომდე თბილისის  54 მიწისქვეშა გადასასვლელში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა დანარჩენი გადასასვლელი ეტაპობრივად დამუშავდება.   ასევე ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი, ხელოვნების სკოლები და თბილისის ბაგა ბაღები, სადაც ათამდე სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. კალაძის განცხადებით,  სპეციალური ხსნარით  მუშავდება  თბილისის მერიის მოქალაქეთა მისაღები და გამგეობის ყველა  სერვის ცენტრი.

კახა კალაძემ სამთავრობო სხდომაზე თბილისის სხვადასხვა უბნებში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა, განსაკუთრებით კი მეწყერსაშიშ ზონებზე გაამახვილა ყურადღება.

” შეშელიძის ქუჩა  სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აქ მეწყერსაშიში ადგილის თავზე განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები. გასულ წელს დავიწყეთ 24 საათიანი მონიტორინგი, მართალია იქ მცხოვრებ მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ქვემოთ შეშელიძის ქუჩაზე ჩამოწოლილია მეწყერი და ტროტუარი  აღარ არსებობს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და მასზე 2,5 ლარი დაიხარჯა.