ორშაბათიდან თბილისში უფასო სასადილოების ბენეფიციარებს მერიის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფები მოემსახურებიან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ წესის თანახმად,  განსაკუთრებული  რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებითვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი  ბენეფიციარებისთვის, იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე (032 2722222), განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება, რის შემდეგაც “ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის” მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომელები და მოხალისეთა ჯგუფები  უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების  მიტანას საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ სიტუაციებში მოქმედი წესების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით;

ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება  სპეციალურად დატრენინგებული მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფს: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით  ინფორმაციას.

ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს მოხალისედ დარეგისტრირდეს, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე: 032 2272222. საჭიროების შემთხვევაში, მათ დაუკავშირდებიან და ისინი გაივლიან შესაბამის ტრენინგს.