აჭარაში ახალი სასტუმრო გაიხსნა

აჭარის რეგიონს კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო- “კასტელო მარე” შეემატა. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში განხორციელებული მსხვილი ბიზნესპროექტი, რომელშიც 25-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას.
“ეს არის ულამაზესი, აბსოლუტურად უნიკალური დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ბუნების ამ ულამაზეს წიაღში, ისტორიულ ადგილას, მართლაც ქამელეონივით შეერწყა უმშვენიერეს გარემოს. ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ისედაც ძალიან ლამაზ ლანდშაფტს. აქ 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა, მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული და შემოგარენის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია ბატონ სოსო ორჯონიკიძეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, ის რომ ბატონმა სოსომ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან საკუთარი კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი დააბანდა საქართველოში და ის კიდევ აგრძელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს,»-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და დამსწრეთ მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო.
«აჭარაში ხორციელდება უამრავი ძალიან ლამაზი პროექტი, ეს კუთხე დღითიდღე იცვლება და იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის და არა მხოლოდ. ბათუმი ხდება ასევე ბიზნესქალაქი და ბიზნესცენტრი, რასაც დამერწმუნეთ, სრულიად სხვა საფეხურზე აჰყავს ამ რეგიონის მნიშვნელობა. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აჭარის მასშტაბით, ეს გახლავთ ზემო აჭარის კურორტების განვითარება, ეს არის გოდერძის სამთო- სათხილამურო კურორტი და წელს ჩვენ უკვე დავაკონტრაქტეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც გოდერძის კურორტზე აშენდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ სულ უახლოეს დღეებში ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ტურიზმის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური განვითარებისთვის,»-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას
აქვს ამბიციური ოთხწლიანი გეგმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, რაც 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
«3 წელიწადში ანაკლიაში დასრულდება პირველი ფაზა, პირველი ღრმაწყლოვანი პორტის საქართველოში, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე კონტრაქტს ვაწერთ ხელს, რომლის მიხედვითაც ინვესტორები დაიწყებენ მუშაობას,»-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი განმარტებით, ბაკურიანში უკვე დაიწყო კოხტა – მიტარბის განვითარების პროექტი, რაც სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობით ხორციელდება. პრემიერის ინფორმაციით, ერთ თვეში ბაკურიანში ამოქმედდება ახალ ატრაქციონი- ალპური ციგების გასართობი კომპლექსი, რომელიც ზაფხულის მიმართულების განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
“ბოლო ორ თვეში ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება – 25 პროცენტზე მაღალი ზრდა, რაც არის მართლაც უპრეცენდენტო. ჩვენ თვალითაც ვამჩნევთ ტურიზმის ზრდას, ტურისტების მოზღვავებას საქართველოში. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას და ტუსიზმის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი შემოსავალი,”-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა 27-29 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილ ვიზიტს, სადაც მისი თქმით, შედგება შეხვედრა შვეიცვარიის მთის განვითარების სამინისტროსთან.
“მე ორშაბათს მივემგზავრები შვეიცარიაში, სადაც მექნება შვეიცვარიის მთის განვითარების სამინსიტროსთან საინტერესო შეხვედრა. ეს ვიზიტი სპეციალურად დაიგეგმა ამ შეხვედრისათვის, სადაც ჩვენ დავიწყებთ მთა-თუშეთის განვითრების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით. ეს იქნება კომპლექსური გეგმა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თეთნულდის განვითარების გეგმაზე და განაცხადა, რომ კურორტის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი უნიკალური კურორტი, სადაც ერთმანეთს შეერწყმება კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური მუზეუმები, შუა საუკუნეების ციხე-კოშკები და საუკეთესო სათხილამურო ტრასები.
«ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა ვიქციოთ პირი პოზიტივისკენ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი თანამოქალაქეების ნუგეშისცემაზე, უნდა ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე და ამ მიზნების გარშემო უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველანი ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ ყველანი ერთად ჩვენს საქართველოს ავაგუგუნებთ,”-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტურისტულად მიმზიდველ რეგიონში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე. კორპორატიული ღონისძიებებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს. კომპლექსში განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, საბილიარდო, 4–ბილიკიანი ბოულინგი, ლაზერული ტირი და დაივინგის სკოლა. დამსვენებელი სანაპიროზე მოხვდება უახლესი თაობის დახრილი ლიფტების მეშვეობით.

კომენტარის დატოვება