“ახალი სიტყვა და სტრატეგიული ნაბიჯი”

საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს, – პროექტს, „საქართველოს რკინიგზა“, მსოფლიოში სარკინიგზო შემადგენლობის მწარმოებელთა შორის უმსხვილეს კორპორაცია CRRC-თან თანამშრომლობით განახორციელებს. 

შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
პრემიერის შეფასებით, პროექტი, უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და ჩინეთის, ისე – რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი, რომლის შესახებ საინვესტიციო შეთანხმებას ხელი გუშინ მოეწერა.

„ეს პორტი არის სრულიად ახალი სიტყვა და სტრატეგიული ნაბიჯი, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების კუთხით და ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის – ყველაზე მოცულობითი, სივრცითი მოწყობის მიმართულების განუყოფელი ნაწილია. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება. ორიოდე წლის წინ მოეწერა ხელი საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმებას, ახალი აბრეშუმის გზის პროექტის მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიც არის – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანზიტი, ლოგისტიკური მიმართულება. ჩინეთის კომერციის მინისტრის ინიციტივით და, ჩვენი შეხვედრის შედეგად, ჩვენ დავიწყეთ და უპრეცენდენტოდ მოკლე – 7 თვის ვადაში დავასრულეთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის. საქართველო უკვე ძალიან მნიშვნელოვნად ფიქსირდება რეგიონულ რუკაზე, როგორც ყველაზე ღია ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები დღეს უკვე ევროკავშირთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან და სულ ახლო მომავალში მოეწერება ხელი თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ჩინეთთან. ეს იქნება ძალიან დიდი ისტორიული ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის კუთხით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, CRRC-თან ერთობლივი პროექტების განხორციელებით, საქართველომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
„რკინიგზის სექტორში თვისობრივი ცვლილებების განხორციელება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მთლიანობაში, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ფუნქცია და გავხდეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა ახალი აბრეშუმის გზაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ პროექტების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
გიორგი კვირიკაშვილმა, ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილე ჩინეთის დელეგაციას და დოკუმენტის შექმნაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადაყვანის მიმართულებით, ძალიან დიდი ნაბიჯია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საუბარია უმსხვილეს კორპორაცია CRRC-თან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს არა მხოლოდ სარკინიგზო შემადგენლობის შესყიდვა, არამედ, წარმოების დიდი ნაწილი გაწეული იყოს საქართველოში, რაც ახალ საწარმოო პოტენციალს განავითარებს.

„ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ რეგიონული დანიშნულების საწარმო, რომელიც რეგიონულ ბაზრებზე ექსპორტის მიმართულებითაც იმუშავებს. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების დინამიკა არის ძალიან მზარდი, ბევრი მიმართულებით გვაქვს კარგი მაჩვენებლები. სულ ახლო მომავალში მოვაწერთ ხელს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. უკვე გვაქვს ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, როგორიც არის ღვინის ექსპორტი. წელს 3 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტსაც არ ველოდებოდით, მაგრამ 8 თვის მონაცემებით, უკვე 3,5 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული. ეს დაახლოებით მესამედია იმისა, რის ექსპორტირებასაც ვახდენთ რუსეთის ბაზარზე. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის, ასე რომ მოხარული ვარ, რომ ამ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ერთობლივ საწარმოში, რომელიც თბილისში აშენდება, წარმოებული იქნება თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის პროდუქცია. „საქართველოს რკინიგზასა“ და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაღალი სიმძლავრის თანამედროვე ასინქრონული ძრავით აღჭურვილი 28 ერთეული სატვირთო ელმავლის შეძენასაც გულისხმობს.

კომენტარის დატოვება