თამარ ტალიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში მარტოხელა ხანდაზმულებს პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა კომპანია „ჯი თი გრუპის“ მიერ თბილისის გამგეობებისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში გადაცემული პირველადი საჭიროების ნივთები და ნობათი მარტოხელა ხანდაზმულების 7 ოჯახს მიუტანა.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროექტი, თბილისის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას საჭიროების მქონე ადამიანთა დახმარებისა და ზრუნვის მიზნით. პროექტში აქტიურად არის ჩართული ბიზნესსექტორი.

აღნიშნულ ეტაპზე კომპანია „ჯი თი გრუპმა“ თბილისს 1000 ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქტი გადასცა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში, დედაქალაქის ათივე რაიონში გადანაწილდება. გარდა ამისა, კომპანიამ დედაქალაქს უფასოდ, დროებით სარგებლობაში გადასცა ავტომობილი, რითაც მოხდება პროდუქტის დარიგება. თამარ ტალიაშვილმა ბიზნეს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთმანეთზე ზრუნვა, მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

-,,ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. სიკეთე გადამდებია და მჯერა, რომ ერთად დგომით გადავლახავთ ამ დღეებს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ რეკომენდაციები” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.