“ხელისუფლებამ დადოს გეგმა, როგორ ეხმარება ხალხს და ბიზნესს”

ოპოზიციის ერთ-ერთი ფრთა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს, თუ ხელისუფლება ხალხის დახმარებისა და ეკონომიკის გადარჩენის კონკრეტულ  გეგმას არ წარადგენს. აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა.

როგორც დავით ბაქრაძე განმარტავს, ისინი  მხარს დაუჭერენ  მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად არსებულ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც სამედიცინო კარანტინი გულისხმობს, თუმცა  მძიმე შეზღუდვები უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

“ხელისუფლებამ დადოს კონკრეტული გეგმა პოსტ-კრიზისულ პერიოდზე, მაგალითად, აპრილში  როგორ ეხმარება ის უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, სოციალურად ყველაზე გაჭირვებულებს და ბიზნესს. ასეთი გეგმა საგანგებო მდგომარეობის აუცილებელი ნაწილია.  ჩვენ სამედიცინო კარანტინის ღონისძიებებს ნებისმიერ შემთხვევაში დავეთანხმებით, მაგრამ ეკონომიკური გადარჩენის და ხალხის დახმარების გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.