ქვემო ქართლში 100 გამოკვლეულიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა ვირუსი

ქვემო ქართლში  ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება და დღეის მდგომარეობით ამ რეგიონში გამოვლენილია 84 დადასტურებული შემთხვევა, აქედან  61- ბოლნისში, 15- მარნეულში, რუსთავში კი – 8.  აქედან უკვე 17 გამოჯანმრთელებული პირია. აღნიშნულის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.  შოთა რეხვიაშვილმა უარყო გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაინფიცირებული მცირეწლოვანი მარნეულის კლასტერიდან იყო და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა ბოლნისის კლასტერს ეკუთვნოდა, რაც შეეხება მარნეულს,  რწმუნებულის ინფორმაციით, აქ მატება არ არის, ბოლნისში კი 100 საკვლევი მასალიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კოვიდინფექცია და ეს იყო სოფელ სავანეთის ოჯახური კლასტერის ნათესავი.

შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ქართლში ფერმერებისგან სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შესყიდვაზეც ისაუბრა:

„ჩვენი თანამოქალაქეებიც ძალიან მშრომელები არიან და მათ ჭარბი მოსავალი აქვთ. ობიექტურად მინდა აგიხსნათ და საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ძალიან მსხვილი მარკეტებიც დაკეტილია, რესტორნული და ტურისტული ინფრასტრუქტურა არ მუშაობს, ბუნებრივია, ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება შემცირდა. ამის მიუხედავად, გუშინ, იმ სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მისგან მარაგდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გაიტანა 5 დიდი მოცულობის მანქანებით პროდუქცია. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო და მარნეულში მდგომარეობა მნიშვნელოვნად განტვირთა. დღესაც მანქანები მოსულია და იტვირთება, იგივე რეჟიმით ვიმოქმედებთ დღესაც და ხვალაც“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  მხოლოდ ერთი კომპანიიისთვის მონოპოლიის მინიჭება ნამდვილად არ ხდება.

„ისეთი ფორსმაჟორია, არანაირ მონოპოლიებზე არ ვსაუბრობ, ეს კომპანია პრაქტიკულად ზარალზე მუშაობს, არათუ მოგებაზე.  სხვა დაინტერესებული პირებიც მოდიან, მხოლოდ „ჯიბე“ არ არის, დისტრიბუცია შედის და შეიძლება, უფრო დაბალ ფასებშიც ყიდულობენ, ვიდრე, „ჯიბე“ ყიდულობს და მას რეალიზაციის პრობლემაც ექმნება, მაგრამ ამის მიუხედავად, თანამშრომლობს“, – განაცხადა რწმუნებულმა.