ლიცენზიის მქონე ტაქსის, ასევე მიკროავტობუსის მძღოლები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ

ლიცენზიის მქონე ტაქსის, ასევე მიკროავტობუსის მძღოლები სამას ლარიან დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერმა დაავალა მოადგილეებს, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს გაუგზავნონ შეტყობინებები. ასევე „მიკროავტობუსების კომპანიას“ მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნუულზე, რათა მიკროავტობუსებს მძღოლებმა ამ პროგრამით ისარგებლონ.

„თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელთაც ლიცენზია გააჩნიათ. ისინი ისარგებლებენ ამ კონკრეტული პროექტით. ასევე, ამ პროეტით ისარგებლებენ მიკროავტობუსის მძღოლები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიკროავტობუსის მძღოლებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იქნებოდა ეს ექიმების გადაყვანა, საკარანტინე ზონებიდან ხალხის გამოყვანა და კონკრეტულ რაიონებსა და ქალაებში ჩაყვანა, ჩართული იყვნენ ამ პროცესში. ჩვენ ეს ვალდებულება გვქონდა აღებული, ყველა საკარანტინე სივრცედან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნება. პირდაპირ ოჯახებში მიგვყავდა გამოჯანმრთელებული ადამიანები, რომლებმაც კარანტინი გაიარეს. მიკროავტობუსის მძღოლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესებში მინდა თანამშრომლობისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო. შესაბამისად როგორ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები, ასევე მიკროავტობუსის მძღოლები მიიღებენ ამ სამას ლარიან დახმარებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება.

„ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია და ის პირები, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოსავალი დაკარგა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ამის თაობაზე მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია“, – აღნიშნა კალაძემ.