ჩვენ არ შემოგვაქვს ვალდებულება, რომ მოქალაქეს დილიდან საღამომდე ეკეთოს პირბადე

ახალი რეგულაციით, ჩვენ არ შემოგვაქვს ვალდებულება, რომ მოქალაქეს დილიდან საღამომდე ეკეთოს პირბადე. სამწუხაროდ, ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ცდილობდა ამ თემით სპეკულაციას. საქმე ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ისეთ დახურულ სივრცეებს, სადაც კონტაქტების მაღალი რაოდენობა გენერირდება დღის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს, რომელიც პირბადეს შეიძენს, შეუძლია, ის გამოიყენოს ზუსტად ასეთ ადგილებში და დაზოგოს მისი გამოყენება. არაა აუცილებელი, ქუჩაში ან ღია სივრცეში იაროს პირბადით. მსგავსი ვალდებულება არ შემოდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.