სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ელჩისგან განმარტებებს მოითხოვს

სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს „მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას“. მან ქართულ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე თავადაც იქნება.

სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ელჩისგან განმარტებებს მოითხოვს.

„სწორედ ამის გამო გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე და ამის შესახებ ვაფრთხილებდით უკრაინელ კოლეგებს, რომ ეს ძებნილი ადამიანი, რომელიც ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, გააგრძელებდა ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამას არ ითვალისწინებს, ჩვენ გამოვთქვით წუხილი და გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები. სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, არის უკრაინის მოქალაქის მხრიდან პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის საქმეებსა და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამ თემაზე ჩვენ დავიბარებთ უკრაინის ელჩს და მოვთხოვთ განმარტებებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.