“ივერიის ღვთისმშობელი” ფარავდეს საქართველოს!

წმინდა ეკლესია, ათონელთა მიხედვით, სასწაულმოქმედი ხატის ხსნებას დღესასწაულობს

ხატის ისტორია
მორწმუნე დედა–შვილის ამბავი

ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატთმებრძოლი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს, კეთილმორწმუნე ქრისტიანებს დევნიდნენ, ხოლო პატიოსან ხატებს ანადგურებდნენ და წვავდნენ. იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან თავის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა ერთი კეთილმსახური და ქველმოქმედი ქვრივი. მას ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი, რომლის წინაშე ხშირად მხურვალედ ლოცულობდა. როდესაც ქვრივის სახლში მივიდნენ ხატების გასანადგურებლად, ერთ–ერთმა ჯარისკაცმა სახეში შუბი აძგერა ღვთისმშობლის ხატს და ხატიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გადმოედინა. შეშინებული ჯალათები მაშინვე გაიქცნენ. სანატრელი სიწმინდე ქვრივმა დიდი მოკრძალებით ზღვაში ჩაუშვა და იხილა სასწაული – ხატი ზეაღიმართა და ტალღებზე გაცურა. ამ დღის შემდგომ ქვრივის ვაჟი, დედის თხოვნით, გაეცალა ნიკეას და მცირე ხანში ათონის მთაზე დამკვიდრდა. აქ იგი ბერად აღიკვეცა და ღვთის სათნო ღვაწლში განვლო ცხოვრება. სწორედ მისგან შეიტყვეს ათონელმა მამებმა წმიდა ხატის ამბავი.


რატომ ეწოდა საკვირველთმოქმედ ხატს ივერიის ღვთისმშობელი

200 წლის შემდეგ, დიდ მარხვაში, ათონზე ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი. მამები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ მას, მაგრამ ამაოდ, სიწმიდე განეშორებოდა მათ. ვნების შვიდეულში წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. ზღვის ნაპირთან შეკრებილი მამები სინანულით ითხოვდნენ ღვთისმშობელისაგან შენდეობას, მაგრამ ნათლის სვეტი კვლავაც არ იკარებდა მათ. და აი, ივერონთან ახლოს მდებარე მთაზე დაყუდებულ ქართველ ბერს გაბრიელს, ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: “აუწყე წინამძღვარს და ძმებს, რომ მნებავს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად, ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას”.

განთიადზე ივერონის მამები გალობითა და ლიტანიობით ნაპირს მიეახლნენ. წმიდა გაბრიელმა ილოცა “საკვირველად განვლო წყალი ვითარცა ხმელეთი”, მიირქვა ხატი წიაღთა თვისთა და ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც წმიდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, საკვირველთმოქმედმა წყარომ ამოსჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია.

ათონელმა მამებმა ხატი გადააბრძანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ, კანდელების ასანთებად ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ბერებმა იგი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღვთისმშობელი კვლავ გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: “გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც”. მას შემდეგ ხატი თავად ღვთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება და იწოდება “პორტაიტისად”, ანუ “კარიბჭისად” და რადგანაც მან ქართველთა მონასტერი “ივერონი” აირჩია თავის სამყოფელად. “ივერიის ღვთისმშობელი” ეწოდა.

ღვთისმშობლის ხატის სასწაულებრივი მიბრძანება ივერონის ქართველთა მონასტერში კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ ყოვლადწმიდა ქალწული მფარველია როგორც წმიდა მთის, ასევე სრულიად საქართველოსი. ღვთისმშობლის წილხვდომილობა უდიდესი პატივია; ამავე დროს იგია ნიშანი იმისა, რომ ზეციური დედოფლის მფარველობაში მყოფს საქრისტიანოში ყველაზე რთული მისია აკისრია – დაიცვას ჭეშმარიტი სარწმუნოება, რასაც საუკუნეების მანძილზე ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა როგორც საქართველო, ასევე წმიდა მთა.

არსებობს გადმოცემა, რომ სანამ ღვთისმშობლის ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელ ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს. მაგრამ დადგება დრო, როდესაც ეს ხატი გაუჩინერდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორითაც მობრძანდა და მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა, რადგან, გადმოცემის თანახმად, სწორედ ეს იქნება სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ–ერთი ნიშანი.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოხატავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლის განსაკუთრებულ მყოფობას დედამიწაზე, მსოფლიო მართლმადიდებლობის მცველი ეს ხატი ღვთისმშობლის უზენაესი ძალისა და მადლის გამოვლენას წარმოადგენს.

წყარო: ივერია

 

კომენტარის დატოვება