2020 წლის არჩევნებში მონაწილე პარტიები ელექტრონული რეგისტრაციის პირობებს გაეცნენ

2020 წლის არჩევნებში მონაწილე პარტიები ელექტრონული რეგისტრაციის პირობებს გაეცნენ. სამუშაო შეხვედრა ცესკოში გაიმართა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას მან საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და იმ აქტივობებზეც ისაუბრა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური სუბიექტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების გამარტივების მიზნით ახორციელებს.

შეხვედრის წარმომადგენლებს ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელისაბედ ველიძემ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის პირობების თაობაზე.

გარდა ამისა, მან საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და მონაწილეებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, როგორებიცაა პარტიული სიების წარდგენის წესი, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობების წარმოდგენის პირობები და ა.შ.

26 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მოწვეული იყო საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ბერიძე, რომელმაც პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის შევსების ინსტრუქცია გააცნო.

ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2017 წლიდან დაინერგა.