“დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი 31 ოქტომბრამდე ფიზიკურად საქართველოში არ ჩამოვა..”

“ეს არის მოძველებული პოლიტიკური ტრიუკი”, – ასე ეხმაურება „კონსერვატიული პარტიის“ თავჯდომარე, დეპუტატი ზვიად ძიძიგური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

როგორც ძიძიგურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, სააკაშვილი არჩევნებამდე საქართველოში არ ჩამოვა.

„რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ის ბრუნდება, პრემიერმინისტრობას აპირებს და ა.შ. ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ყველა პარტიამ, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოვა, მთავრობას თავად დააკომპლექტებს და ა.შ. ჯერ მარტივად გადაწყვიტოს, ქართველ ხალხს რა მოსაზრება აქვს, დაელოდოს 31 ოქტომბერს. ამას წყვეტს ქართველი ხალხი. როცა მოუკლავი დათვის ტყავს იყოფ, ეს, ცოტა არ იყოს, უხერხულ ვითარებას ქმნის. ეს ყველას ეხება, ვინც წინასწარ აკეთებს განცხადებებს.

მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი 31 ოქტომბრამდე ფიზიკურად საქართველოში არ ჩამოვა. მისი ეს განცხადება პირველი არ არის, ფაქტობრივად, ყოველწლიურად აცხადებს, რომ ამა თუ იმ ვითარებაში აპირებს ჩამოსვლას. მაგალითად, 2016 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ მობილიზაცია გააკეთა აჭარაში, სახელმწიფო საზღვართან ელოდებოდნენ მას. ასეთი ტიპის მოლოდინებიც კი შექმნა. მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ არც ზღვით, არც გვირაბით, არც საზღვრის გადმოკვეთით, არც თვითმფრინავით სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნებულა. ეს არის მოძველებული პოლიტიკური ტრიუკი“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ცნობისთვის, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
„ვიქნები პრემიერმინისტრი არა სრული ვადით, არამედ, მაქსიმუმ, 2 წელიწადს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: kvira.ge