იმ ფონზეც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის….

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გმობს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებულ უკანონო ქმედებებსა და დესტრუქციულ ნაბიჯებს. იმ ფონზეც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საოკუპაციო ხაზზე, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ე.წ. ბორდერიზაციას.

„აპარატი განაგრძობს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ინტენსიურ მუშაობას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რათა სათანადო შეფასება მიეცეს და ქმედითი ზომები იქნას მიღებული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გახშირებული უკანონო ქმედებების შესაჩერებლად. მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებასთან ერთად, აუცილებლად იქნება დაყენებული ბოლო დროს განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც“,- აღნიშნულა აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.