თავდაცვის სამინისტროს საგანგებო განცხადება

სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო მომატებული რისკის ზონაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა.

​თავდაცვის უწყება მედია საშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ უწყების ოფიციალურ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ მედია საშუალებებმა არ მოახდინონ კონკრეტული სამხედრო ბაზის იდენტიფიცირება. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას.