„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და მოითხოვა ბოლნისის საარჩევნო ოლქში მომხდარ ფაქტზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება.

როგორც პროკურატურის სახელზე გაგზავნილ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  ვუგარ ისაევის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, კერძოდ, 151-ე (მუქარა) და 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი განსაზღვრავს გამოძიების დაწყების მოვალეობას. ამავე კოდექსის 101-ე მუხლი გამოძიების დაწყების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, რომელიც  გამოქვეყნდა მასმედიაში.

მან თავად აღიარა, რომ  ტელეკომპანია  „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედ ალის დანით დაჭრით დაემუქრა. „მთავარი არხი“-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად საქმეზე გამოძიება დაწყებული არ არის.

გთხოვთ, დანაშაულის გამოვლენის მიზნით დაავალოთ შესაბამის სამსახურებს აღნიშნული შემთხვევის გამოძიება, რათა საფრთხე არ შეექმნას პლურალისტურ მედია გარემოს და ადგილი არ ჰქონდეს შერჩევითი სამართლის ნიშნებს.“- ნათქვამია ირაკლი შოთაძის სახელზე პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში“

2020 წლის 16 სექტემბერს სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ 15:00-საათიან საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნებიდან“  ვუგარ ისაევი აღიარებს, რომ ის „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედ ალის დანით დაჭრით დაემუქრა. სიუჟეტში საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს უკრძალავს ვიდეო გადაღებას. საკრებულოს დეპუტატი ისაევი ჟურნალისტს არჩევნების დასრულების შემდეგ ანგარიშსწორებით ემუქრება.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.