უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იმოქმედონ დადგენილი რეგულაციებით, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა პანიკის საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მართვადია.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.