,,27 სექტემბერს მე მინდა ვიფიქრო იმაზე, როგორ გავიმარჯვო ომის ტკივილზე…“

თამარ ჯამარიშვილი

27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე, დღე, რომელიც უკვე წლებია ტკივილს იწვევს ყოველ ადამიანში და დღე, როცა იმედი კიდევ უფრო გემატება, რომ ომის ტკივილზე გამარჯვებაც მალე დადგება.

სწორედ დღევანდელ დღეს ნიშანდობლივია, რომ GMTV აფხაზეთიდან დევნილს, პროფესორ სალომე კაპანაძეს დავუკავშირდით.

 

  1. ქალბატონო სალომე, 27 წელია აფხაზეთზე საუბარი ისე გვიწევს, რომ საბოლოოდ ამ საკითხთან მიმართებაში საგრძნობ შედეგს ვერ ვხედავთ. უფრო პირიქით,  რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვდუნდებით. იქნებ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური განცდებია?

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ თქვენი  განცდა არ არის. ჩვენი ეროვნული ენერგიის მეტი წილი დღეს შიდაომს ხმარდება,   ყოველდღე მოწმე ვართ თავდასხმისა და მოგერიების უწყვეტი პროცესის. თავდასხმის იარაღი კი სიტყვაა, რომელიც მკვლელობის იარაღად იქცა. ამ მოგერიებასა და თავდასხმაში უზარმაზარი სულიერი ენერგია იხარჯება. მხედველობაში მაქვს ცილისწამება, ჩვევაში გადაზრდილი ოპონირება  იქ, სადაც ეს საჭირო არ არის. ისიც შევნიშნოთ, ამ პაექრობაში რამდენია აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტის მოგვარებისთვის დახარჯული ფიქრისა და დროის ხვედრითი წილი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ- მოგვარებისთვის და არა მხილებისთვის, რადგან რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს  1801 წლიდან ვიცით.  როცა სოფიზმი ოპონენტებზე გამარჯვების ერთადერთ საშუალებად არის ქცეული, სამართლიანი, საქმიანი კრიტიკა კარგავს თავის მნიშვნელობას. მინდა ობიექტური კრიტიკის პლატფორმიდან ვიმსჯელო და ხელისუფლებას ვუთხრა- გაცილებით მეტი ძალისხმევაა  საჭირო იმისათვის, რათა ხშირად გავიხსენოთ  აფხაზეთი და აფხაზები.  იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დაკარგული ტერიტორიები და იქ მცხოვრები ადამიანებია,  ქვეყნისთვის არაფერი  შეიძლება იყოს.

 

  1.  თქვენი აზრით, რა არის საჭირო?

ჩემგან უხერხული იქნება კონფლიქტის მოგვარების უნივერსალური გეგმაზე საუბარი. თუმცა ზუსტად ვიცი, საიდან უნდა დავიწყოთ. ქართველებმა ჯერ ენგურსგამოღმა უნდა დავამთავროთ ომი და ამ პრობლემის ირგვლივ კონსოლიდაცია ვცადოთ. მე ჩემი სამოქმედო სივრცე მაქვს- განათლება და კულტურას ვგულისხმობ და შეიძლება გულუბრყვილოდ, მაგრამ მწამს, რომ ამ პროცესში კულტურის ენაზე დიალოგი შეუცვლელია. ამ დიალოგს კი უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება, რადგან ძალიან ბევრი რეალურად  კარგი იდეა ელოდება ხორცშესხმას. უნდა გავიხსენო, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს,   ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენაზე ორიენტირებულ, ძალიან  საინტერესო პროექტის დაფინანსებაზე პრეზიდენტის ფონდიდან  ასეთი პასუხი მივიღე- წელს პრეზიდენტის ფონდის პრიორიტეტებში აფხაზეთის საკითხი არ არისო. შესაძლოა, თავად პრეზიდენტამდე ეს საკითხი არ მისულა, მაგრამ ასეთი პასუხის შემქმნელები პრეზიდენტის გარემოცვაში არ უნდა იყვნენ. სხვათაშორის, ამ თვალსაზრისით   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,კულტურის ხელშეწყობის პროგრამა“ ნამდვილად გამორჩეულია.  მან არაერთხელ მომცა საშუალება ამ მიმართულებით   საინტერესო პროექტები განმეხორციელებინა, მათ შორის 2020 წელსაც.

  1. სწორედ ამ ახალ პროექტზე გვინდა გვესაუბროთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ    ახალგაზრდებთან ამ საკითხზე ბევრს მუშაობთ. ბოლოს თქვენ მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას მეც დავესწარი.  მეტი წილი თქვენი პროექტებისა  აფხაზეთს უკავშირდება, წელს პატარები გაახარეთ საბავშვო რომანით ,,დელფინ ფანის ამბები“. როგორ გაჩნდა ამ წიგნის იდეა?

დიახ, ამ წიგნს მე დავარქვი ჩემი ცხოვრების მთავარი წიგნი და ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ჩემს შვილიშვილებს- ტყუპებს- ლილე და ნიცას  ძილის წინ მოსაყოლ ზღაპრებში სოხუმური ამბებიც გავურიე. ჩემი ბავშვობის ზღვამ, სანაპირომ და   დელფინებმა 27 წლის მერე  მეხსიერებაში ახალი სიცოცხლე დაიწყო,  ვერც კი ვიგრძენი, როგორ იქცა ლიტერატურულ ტექსტად.  მონათხრობი ჩემს მეგობრებს- ლიტერატურათმცოდნეებს, ცნობილ მწერლებს გავუზიარე და როცა დადებითად შემიფასეს, მეც გავთამამდი. აბა, როგორ არ უნდა ენდო როსტომ ჩხეიძეს და მარიამ წიკლაურს… ასე ჩასახლდა წიგნში დელფინი ფანი, რომელიც პატარა გოგოს ლილეს დაუმეგობრდა და დაიწყო მათი საოცარი  თავგადასავალი სოხუმსა და გაგრაში. ამ თავგადასავლის კითხვისას  პატარები ისწავლიან თავდადებას მეგობრისათვის, ადამიანებისათვის, გაიგებენ, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას არამარტო ,,კაცთა შორის“, არამედ ადამიანებსა და გარესამყაროს შორის,   რატომ არის მნიშვნელოვანი კეთილი სიტყვა ადამიანების ურთიერთობისათვის და რაც მთავარია, ძალიან შეიყვარებენ ზღვის მშვიდობისმყოფელ დელფინებს ტექსტში ბევრი პერსონაჟია, რომელიც მეგობრებს ეხმარება და ისინი უნივერსალურ- მშვიდობის ენაზე მეტყველებენ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ილუსტრაციები შესანიშნავმა მხატვარმა დალი მუხაძემ შექმნა. მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს საბავშვო წიგნების ილუსტრირების, მათ შორის, აფხაზეთის საყმაწვილო  ჟურნალ ,,იალქნის“ მხატვარიც არის. წიგნის ილუსტრაციებში ნაცნობ ადგილებს შეხვდებით- პრინც ოლდენბურგის სასახლეს,  სოხუმელების საყვარელ კაფე ,,ამრას“, თეატრის ზღაპრულ გრიფონებს, სადაც ფოტოს გადაღება სავიზიტო ბარათი იყო სოხუმელებისათვის. თავად ტექსტშიც ხშირად არის ნახსენები ის ადგილები, რომელსაც  ჩემი თაობის მეხსიერებიდან დრო ვერ გამოდევნის, მაგრამ ახლა ჩვენი მისია ხომ ისიც არის,  პატარების გენეტიკურ მეხსიერებაზეც ვიფიქროთ,  ,,დელფინ ფანის ამბები“ ამაში უნდა  დაგვეხმაროს…

  1. როგორც ვიცით, წიგნი აფხაზურ ენაზეც დაიბეჭდა,  ის აფხაზი ბავშვებისთვის არის ჩაფიქრებული?

რა თქმა უნდა,   წიგნი აფხაზი ბავშვებისთვის ითარგმნა სოხუმში.  მადლიერი ვარ ამ შრომისთვის და გამოხმაურებისთვის, რომელიც აფხაზი კოლეგებისგან მივიღე. ჩემი გზავნილი სწორედ ისე მიიღეს, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. მშვიდობაზე ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი საერთო ისტორია გვასწავლის, რა არ უნდა გავაკეთოთ მომავალში, ჩვენ ხომ უფრო მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს და მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ეს ჯერჯერობით  ბევრს არ ესმის, ხოლო  ვისაც ესმის, იძულებულია სოლიდარული იყოს ამ პოზიციის, მათთანაც აუცილებლად დადგება ამ მოცემულობის გააზრების აუცილებლობა. მანამ კი, მე ვისაუბრებ კულტურის ენაზე, კულტურა ხომ კაცობრიობის სინდისია, აფხაზებს და ქართველებს თავისი შენატანი უნდა გვქონდეს კაცობრიობის ამ საგანძურში. როცა პოლიტიკა,  დიპლომატია ამ ფუნდამენტურ საწყისებს დაეყრდნობა, მაშინ  რეალურ  შედეგთან ახლოს მივალთ.  ვიცი, რომ სისხლის წვიმებიდან წამოსული ადამიანები შემედავებიან… მეც იმ სისხლის წვიმებიდან დევნილი ვარ, მაგრამ დღეს- 27 სექტემბერს მე არ მინდა ვიფიქრო ომის მარცხზე, მე მინდა ვიფიქრო იმაზე, როგორ გავიმარჯვო ომის ტკივილზე, შურისძიებასა და სიძულვილზე.