სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აქტიურად გრძელდება სამხედრო შეტაკებები. არის მსხვერპლი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადადის, პაშინიანი მოსახლეობას სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ მოუწოდებს.

ოფიციალური ერევანი იუწყება, რომ მათ ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, მხარეებს შორის დაპირისპირებაში ჩართულია მძიმე ტექნიკა და არტილერია.

აზერბაიჯანი კონფლიქტის მიზეზად ერევნის დესტრუქციულ ქმედებებს ასახელებს. ილჰამ ალიევის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთი განაგრძობს ინტენსიურ იერიშს ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, “სომხეთის მხრიდან შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიმდინარეობს ადეკვატური ზომების მიღება”.

საპირისპიროს ამტკიცებს სომხეთი და ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანმა დაარღვია, რომელმაც გასული რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლი მინიმუმ 40-ჯერ გახსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავების გამო შეშფოთებას გამოხატავს – უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას.

“შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

 

საქართველო მოვუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.

 

ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას,” – ნათქვამია განცხადებაში.