ლუკა სირაძე გადმოვარდნის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო

დადგინდა, რომ ლუკა სირაძე ვარდნის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მხოლოდ დაზარალებული დედის ჩვენების საფუძველზე მოხდა.

 

„ჩატარდა ექსპერტიზა, ექსპერტიზით დადგინდა, რომ უფრო არის თავისუფალი ვარდნა, ანუ გადმოვარდნა და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა არასწორია, ზეწოლა თურმე განხორციელდა პოლიციაში, არცერთი მოწმე არ საუბრობს ამაზე, მხოლოდ დედის ჩვენება იქნა ამისთვის გამოყენებული, სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად, ასე უაპელაციოდ მხოლოდ დაზარალებული, დაინტერესებული დედის ჩვენებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არის უსამართლობა.

ფაქტია ისიც, რომ სამწუხაროდ, გარდაცვლილი ახალგაზრდა როდესაც იგი გადმოვარდა, სისხლზე ჩატარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა და დადგინა, რომ იგი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.