“სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისში ოპოზიციური პარტიები ხმების დაცვის საერთო გეგმაზე მსჯელობენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისში ოპოზიციური პარტიების სხდომა მიმდინარეობს. პარტიების წარმომადგენლები ამომრჩეველთა ხმების დაცვის საერთო გეგმაზე მსჯელობენ, რასაც მათ მიერ აგვისტოში გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი პარტია კოლეგებს კონკრეტულ მექანიზმებს შესთავაზებს, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ხმების ეფექტურად დაცვა.

“ერთი, რომ ვთანამშრომლობთ ოპოზიციური პარტიები, მეორე, რომ დღეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე გვექნება საუბარი, რა მექანიზმებს გამოვიყენებთ არჩევნების დროს მონიტორინგისა და ხმების დაცვისთვის. ამაზე უნდა შევჯერდეთ, როგორ ვიმუშავებთ ამ მექანიზმის მეშვეობით, რასაც ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი შევთავაზებთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, პარტიებს შორის შეთანხმების შემდეგ სისტემის პრეზენტაცია ოპოზიციური შტაბის ცენტრალური ოფისში გაკეთდება.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას განცხადებით, 2018 წელს შემუშავებულმა მსგავსმა სქემამ ეფექტურად იმუშავა.