უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო – თითო საარჩევნო უბნის შედეგები

ცესკო განცხადებას ავრცელებს:

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგი დარჩა უცვლელი. გადათვლის შედეგად, ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო – თითო საარჩევნო უბნის შედეგები. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, ამ პროცედურის განხორციელების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება.

რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს – დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და რა თქმა უნდა,  საარჩევნო ადმინისტრაცია მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, თითოეულ საარჩევნო ოლქში განხილვების შედეგების თაობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს.