პოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის გამო 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვის გამო 3 პირი დააკავეს. უწყება მათ  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობას ედავება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კომპანია “ოპპას” კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალეს. მომხდარიდან მეორე დღეს, ბრალდებულები მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის ამოღებას აპარატის საცავის დაზიანების გზით ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზევე დააკავეს”, – წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.