ცესკო განცხადებას ავრცელებს

საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლის პროცესი საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით.

2020 წლის 8 ნოემბრის 18:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში უკვე გადათვლილია 24 საარჩევნო უბნის შედეგი.

ამ ეტაპზე, როგორც რაიონულ და საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს დავების განხილვის პროცესი, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ამასთან, დღეს რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად საოლქო საარჩევნო კომისიებს დაევალათ 15 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რაც დღეს და ხვალ განხორციელდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ხსენებული საკითხის განხილვისას მიიღონ მონაწილეობა კომისიის სხდომებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

ამასთანავე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ჩართულ მხარეს არ სურს გადათვლის პროცესის ჩატარება და შეგნებულად ხელს უშლის საოლქო საარჩევნო კომისიებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში. შესაბამისად, მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააფიქსირონ ასეთი შემთხვევები.