2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი

ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი და ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში.

„სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა, რაც ცხადია აჩენს კითხვის ნიშნებს, წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არ ჯდება იმ სამართლებრივ ფორმებში, რომელიც მნიშვნელოვანია პროცესების ნდობის თვალსაზრისით. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველ რიგში ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში.