ბაჩო ჩუბინიძე: დაუვიწყარია წუთი ჩემთვის, როცა ჩემი მშობლები იცინიან…

     მარი მაჭარაშვილი

ამბობს, რომ  პირველად სამი წლის ასაკში იმღერა ფართო აუდიტორიის წინაშე. არ ავიწყდება საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტები და პოპულარული ბავშვობა.  არაერთი ცვლილების და წარმატებისა მის ცხოვრებაში, მაინც  ემოციით იხსენებს ბავშვობის წლებს.   ამაგს არ უკარგავს მშობლებს, რომლებმაც მასწავლებლების ამპლუაც მოირგეს და მის განათლებაში დიდი წვლილი შეიტანეს.   სცენიდან მიღებული გამოცდილება დღეს უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობაში ეხმარება. სტუდენტური ცხოვრება,  სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა, კომფერენციები უცხოეთში-ასეთია ბაჩო ჩუბინიძის განვლილი გზა დიდი სცენიდან ტრიბუნებამდე.

  1. ბავშვი, რომელიც ფიროსმანს უმღეროდა, დღეს საქართველოს ტრიბუნებიდან იცავს. ეს იყო შენი ოცნება?

არასოდეს არ მიოცნებია, რომ ოდესმე, განსაკუთრებით სტუდენტობის დროს ტრიბუნის წინ დავდგებოდი და ხალხს მოვუწოდებდი.  არაერთხელ გამიფიქრებია გონებაში, რომ  კიდევ ვდგავარ სცენაზე და ვმღერი, მაგრამ პოლიტიკური გამოსვლები და ჩემი ქვეყნის დასაცავად წარმოთქმული „speech“- ები ვერ წარმომედგინა.

  1. რატომ აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მიმართულება რომელზეც სწავლობ?

მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობდი 51-ე საჯარო სკოლაში,  იქ მიღებული განათლების კმაყოფილი არ ვარ, შესაბამისად აბიტურენტობის დროს დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სტუდენტი გავხდებოდი.  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მეორე ადგილზე მეწერა და დღეს ბედნიერი ვარ რომ აქ მოვხვდი. გვასწავლიან განსხვავებული იდეოლოგიით, უმეტესწილად მოვლენებს ორივემხრიდან განვიხილავთ,  ვაფასებთ სწორად და რეალურად.  საერთაშორისო ურთიერთობებიც სწორედ ამიტომ ავირჩიე.

  1. მოგწონს თუ არა სტუდენტური გარემო და როგორი იყო შენი პირველი დღე უნივერსიტეტში?

მახსოვს როგორ ვემზადებოდი უნივერსიტეტის პირველი დღისთვის: ვიყიდე ახალი ტანსაცმელი, თმა შევიჭერი და მოუთმენლად ველოდებოდი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას. უნივერსიტეტში მამასთან ერთად მივედი,  ვათვალიერებდი ყველაფერს,  ფიქრებმა იმდენად გამიტაცა, რომ უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის მიმართვას  აღარც კი ვუსმენდი.   ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში, მაინტერესებდა ლექტორებიც თუ ისეთივე მკაცრები იქნებოდნენ, როგორიც მასწავლებლები.  რა თქმა უნდა, სტუდენტური გარემო მომწონს, თუმცა ვთვლი, რომ მარტო სტუდენტური დღეებით არ უნდა შემოვიფარგლებოდეთ და გადავხედოთ ევროპული უნივერსიტეტების პროექტებს.

  1. თვლი თუ არა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის უცხოური განათლება აუცილებელია?

ვფიქრობ, რომ უცხოეთში მიღებული განათლება არც ისეთი კარგია, როგორიც სახელი აქვს, თუ რამდენიმე გამონაკლის უნივერსიტეტს არ ჩავთვლით. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ქვეყანაში ყოფნისას გავიგე ის ინფორმაცია, რასაც საქართველოში გამოვიყენებდი, თუმცა სახელი მეხმარება შიდა კონკურენციის დაძლევაში.

  1. როგორ ფიქრობ, დაიმკვიდრე საზოგადოებაში თავი თუ ჯერ კიდევ ბესო ჩუბინიძის შვილი ხარ?

მამაზე დამოკიდებული ყოველთვის ვარ, თუმცა პროფესიაში არა, გზა საკუთარი ძალისხმევით გავიკვლიე.  ის სულ სხვა სფეროში მოღვაწეობს,  მე როგორც ცხოვრებამ მოიტანა განსხვავებული გზა ავირჩიე.  ვთვლი, რომ მოვახერხე თავის დამკვიდრება.

  1. რა თვისებებით გამოირჩევი სხვებისგან და რატომ არის სტუდენტების ინტერესი შენს მიმართ მაღალი?

სიმამაცე, თავდაჯერებულობა და თავმდაბლობა-ის ადამიანური თვისებებია, რომელიც ყველა გრძედზე და განედზე ერთნაირად ფასობს.  თავმდაბალი არ ვარ, რადგან ეს თვისება დამღუპველია საერთაშორისო პოლიტიკის მონსტრებთან,  თუმცა აღნიშნული ორი ფაქტორით განვსხვავდები სხვებისგან.   სტუდენტების ინტერესს ჩემდამი, ჩემს გარეგნობასა და აქტიურ ცხოვრებას მივაწერ.

  1. წუთი, რომელსაც ვერ წაშლი…

საინტერესოა… მხოლოდ ერთი წუთი მომეცი, მნიშვნელოვანი წუთის გასახსენებლად.  ალბათ, ბევრი ასეთი ყოფილა…

დაუვიწყარია წუთი ჩემთვის, როცა ჩემი მშობლები იცინიან.

  1. როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ეს ის შეკითხვაა, რომელსაც ხშირად ვუსვავ საკუთარ თავს.  ვფიქრობ, რომ ადამიანს ცხოვრება გაწერილი არ უნდა ჰქონდეს, ასე ხომ  ხალისი  ეკარგება ყველაფერს.  ერთი რამ ნამდვილად ვიცი- პროფესიას არ შევიცვლი და ამავდროულად გავხდები ქველმოქმედი.

კომენტარის დატოვება