კახა კალაძე – არჩევნების გაყალბებაზე საუბარი იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც უკრაინაში, კრიმინალ სააკაშვილთან იყო დაწერილი

არჩევნების გაყალბებაზე საუბარი იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც უკრაინაში, კრიმინალ სააკაშვილთან იყო დაწერილი, –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები და ის შედეგები, როემლიც დაიდო არ ასახავდა რეალობას.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც უკრაინაში, კრიმინალ სააკაშვილთან იყო დაწერილი. ეს ამ პროცესის ნაწილია. უნდა მომხდარიყო მიზანმიმართულად ამ ყველაფრის აგორება, ხალხის გამოყვანა, ხალხი უნდა დაემუხტათ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ. ჩვენ რას ვეუბნებით ამ ადამიანებს – შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ჩავრთოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გაიხსნას ყველა უბანი, ვნახოთ ბიულეტენი, იქნებ ვიღაცას მოპარული აქვს ეს არჩევნები. ვაყენებთ პირობას, თუ ერთი პროცენტი მაინც იქნება არასწორი, ჩვენს სასარგებლოდ, მეორე დღესვე გამოვდივართ და ვნიშნავთ ახალ არჩევნებს. ამაზეც არ მოდიან და არ არიან თანახმა. მზად ვართ საარჩევნო უბნების კამერების ჩანაწერებიც გადავცეთ და ნახონ, შეამოწმონ. როდესაც საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, ვეუბნებით, მოდი, ერთად ვნახოთ, იქნებ ვიღაცამ რაღაცა იმაიმუნა და მართლა „ოცნების“ სასარგებლოდ არის გაყალბებული. გავხსნათ და დავთვალოთ ბიულეტენები, ყველა უბანი ვნახოთ. თუ 1% მაინც არის გადაცდომა გამოვდივართ ინიციატივით, არჩევნები თავიდან ჩავატაროთ“, – განაცხადა კალაძემ