კახა კალაძე: მომავალი წლების მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და გაჭირვებული ოჯახი გვყავდეს

მომავალი წლების მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და გაჭირვებული ოჯახი გვყავდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის ბიუჯეტი 96 პროცენტზე მეტი რაოდენობით შესრულდა.

„440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. განსაზღვრული გვქონდა, რომ 500 მილიონზე მეტი უნდა დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა და ბევრ კარგ პროექტზე უარის თქმა მოგვიწია, რადგან პრიორიტეტები სხვა მიმართულებით გადანაწილდა.

320 მილიონი ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დაიხარჯა, ეს არის ის კონკრეტული, სადაც ერთი ლარი არ მოგვიკლია, რადგან ჩვენ კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ძალიან ბევრ ოჯახს გვერდით დავუდექით, ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ. ჩვენი ამით არ ვტრაბახობთ, ეს ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და ნაკლებად გაჭირვებული ოჯახი გვყავდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.