შალვა ნათელაშვილი – ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია

ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის გარეშე გავისტუმრებ უმანდატო ქვეყანაში, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

„ქუჩაში უკვე ვართ. ბიძინა ივანიშვილი ისე ახლოს არის ჩვენთან, როგორც არასდროს. ამიტომ თუ ის არ წავიდა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რევოლუცია, ანუ ხელისუფლების შეცვლა არასაარჩევნო გზით, გარდაუვალი იქნება. ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, ტელევიზიის მუშაობის შედეგი ან ზეციური განგების ასახვა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთმანეთთან ცვლის ინფორმაციას, ატარებს კონსულტაციას.

„ჯგუფურადაც ხვდებიან. შესაბამისად, იმ საკითხებზე, რაც საერთო გადასაწყვეტია, საქმის კურსში ვართ. ის, რაც ორი ან რამდენიმე პარტიის ურთიერთინტერესს ეხება. მე არ ვცდილობ, ჩავერიო. გუშინ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.