ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე: მას ქვეყანა არ დაუტოვებია

შემიძლია გითხრათ, რომ ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მას დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია და ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ამ ადამიანის დაკავება.

„შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არის ქვეყანაში და მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მუშაობს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ამ ადამიანის დაკავება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.