მელაშვილისა და ილიჩოვას მიერ შედგენილი რუკების საფუძველზე კომისიებმა მიიღეს გადაწყვეტილება და მოხდა საზღვრის შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯის მნიშვნელოვანი ნაწილი მოხვდა აზერბაიჯანულ მხარეზე – ამირან გულუაშვილი

საქმეში მოიპოვება სხდომის ოქმი, რომელშიც საქართველოს მხარის კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ სხდომას ასახავს, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე, რომლის ოქმიც დავით გარეჯის საქმეში მოიპოვება, ნათლად არის გაცხადებული პოზიცია, რომ თხემი, უდაბნოს მთა, მიმდებარე ტერიტორია არის საქართველოს ისტორიული ტერიტორია.

„ამ პოზიციის შესაბამისად, 1996 წელსვე, შედგა აზერბაიჯანთან პირველადი შეთავაზება და ეს პოზიცია აისახა დოკუმენტში, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია, ისევე როგორც უდაბნოს მთის თხემი მთლიანად ექცეოდა საქართველოს ტერიტორიაში. ამ პირვანდელი პოზიციისგან განსხვავებით, 2006 წელს, როდესაც აზერბაიჯანულ მხარესთან კონკრეტულ მონაკვეთებზე მოხდა შეთანხმება, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ შეადგინეს კარტოგრაფიული ალბომები, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა თავდაპირველი, ანუ 1996 წლის პოზიციისგან და ეს განსხვავება იყო საქართველოს საზიანო. საქართველოს 3 500-მდე ჰექტარი ტერიტორია მოქცეული იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და საბოლოოდ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიერ შედგენილი რუკების საფუძველზე კომისიებმა მიიღეს გადაწყვეტილება და კომისიისვე ფარგლებში მოხდა საზღვრის შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოხვდა აზერბაიჯანულ მხარეზე“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.