მიხეილ სარჯველაძე: ენმ მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვის თავის სამშობლოსა და ისტორიას

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  გამოძიება დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„თუმცა, ვიდრე ეს კონკრეტული სისხლის სამართლის დასასრულამდე მივა, ჩვენ, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოება, საკუთარი თვალით ვხედავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შურისძიების თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ჩვენი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას თითქოს გარეჯი საქართველო არ არის. მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორც მძაფრი და უკომპრომისოც არ უნდა იყოს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირება, ყოველთვის არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი საკითხები, რომელთა ირგვლივაც საზოგადოების ეროვნული ერთსულოვნება ამ სახელმწიფოს არსებობის საძირკველს წარმოადგენს. ჩვენ თვალწინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას“, – განაცხადა სარჯველაძემ.