მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას, რომ ჩემს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს არ გაუუქმოს მანდატები – ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებიან.

როგორც იოსელიანმა პარლამენტში მისვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, იგი,  ოპოზიციის სხვა წევრებისთვის მანდატების არ გაუქმებას მიესალმება.

„ვთვლით, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებისთვის სივრცეს დატოვებს და ოპოზიციას მანდატებს არ გაუუქმებს.

ჩვენ გვგონია, რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი მოლაპარაკების გაგრძელებაა. ჩვენ დავამტკიცეთ ეს, როცა გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, მივიყვანეთ ბოლომდე და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც არაა მხოლოდ ჩვენი, არამედ სრულიად ოპოზიციის მონაპოვარია. მემორანდუმი მათთან ერთად შედგენილი დოკუმენტია. დღეს მგონია, რომ მოლაპარაკების გაგრძელება, ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. აღნიშნულ  საკითხზე სესიაზეც ვისაუბრებ და მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას, რომ ჩემს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს არ გაუუქმოს მანდატები“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.