კარლ ჰარცელი – თეა წულუკიანი არ იყო მოხარული ჩემი გუშინდელი კომენტარით, გაიმართა მოლაპარაკებები, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები

მივესალმები შეხვედრას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მივესალმები შეხვედრას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა. ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, – განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, იგივე პოზიციაზე რჩება თუ არა, რა განცხადებაც გუშინ გააკეთა, ელჩმა აღნიშნა: „ჩემს განცხადებას მხარს ვუჭერ, დიახ. არ ვისაუბრებ მოლაპარაკებებზე, რომლებიც გვქონდა“.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შეხვედრა დახურული იყო.

„ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ამგვარი საკითხი არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის წარმოჩენა მედიაში. არ უნდა იყო გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, როგორ წარიმართება დისკუსია“, – განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელმა გუშინ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო. „ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, თეა წულუკიანმა ელჩს უპასუხა, რომ ამ საკითხის განხილვას ელჩთან ერთად ისურვებდა. „ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, – განაცხადა წულუკიანი.