თეა წულუკიანი: ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება შედეგიანი იყო, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა – ეს იყო შედეგიანი, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი, თეა წულუკიანი მის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა გვარამიას საკონტაქტო ნომრის გამოცხადების ფაქტს.

მისივე თქმით, გვარამია ცდილობს, რომ საზოგადოება უცნაურ პირობებში აცხოვროს.

„მე ამ პირობებში ცხოვრებაზე უარს ვამბობ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შევიდა, გვამია. ხოლო თუკი მე ვიტყვი, რომ ვინც არ შედის პარლამენტში გვამები ისინი არიან, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის. თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. თუ ჩვენი ოჯახის წევრებს გალანძღავენ, ეს დასაშვებია, თუ ჩვენ მის მეუღლეს შევაქებთ და ვიტყვით, რომ ის მზეთუნახავია, გვარამია ისევ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ სტანდარტი უნდა მუშაობდეს ყველასთვის. თუ ისინი ამ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, მე ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვიქნები ფეიკ ნიუსების, სხვადასხვა ბულინგის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.