თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის ემზადება

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ სწავლებას გადის. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ათეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება მე-13 ბატალიონის ბაზის საწვრთნელ ტერიტორიაზე ჩაატარა. ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. სიტუაციური სწავლება მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებასა და მავთულხლართიანი დაბრკოლების გარღვევას ითვალისწინებდა.

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელი სწავლების ჩატარების პერიოდში მის შეფასებას მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ.

ქვედანაყოფმა წინამოსამზადებელი სწავლების ინდივიდუალური და ათეულის დონის მომზადება სხვადასხვა ლოკაციებზე უკვე გაიარა. ათეულის დონის წვრთნების დასრულების შემდეგ, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ოცეულის დონეზეც გაივლის მომზადებას და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩაერთვება.

GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას,” – აღნიშნულია განცხადებაში.