“ნაციონალების მხარდაჭერისაკენ მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა ბნელ წარსულში დაბრუნების სურვილის ღიად გაცხადება!”

ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი

„პროდასავლური პარტიებისადმი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის”
მიმართვის პასუხად

იმ ფონზე, როდესაც მიმართვის ავტორების აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს შეუწუხებია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გამეფებულ „დაუბალანსებელ, ერთპარტიულ მმართველობას”, ღიმილის მომგვრელია მათი არაადეკვატური პრეტენზია, თავი წარმოაჩინონ დასავლური ღირებულებების ხმალამოღებულ დამცველებად და მოუწოდონ იმ პარტიებს, ვისთვისაც „ღირებულია ქვეყნის განვითარების ევროატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები”, რომ მათ გამოიჩინონ „პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდონ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდონ მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ”.

რეალურად “არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისაკენ მოწოდება” მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისაკენ ისტერიული მოწოდებაა, რადგან მეორე ტურში ქართული ოცნების ოპოზიცია ფაქტიურად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა. ანუ ჩვენ მოგვიწოდებენ, იმისათვის რომ ქართულმა ოცნებამ არ მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა, დავირაზმოთ და ერთხმად მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას, რათა მათი 27 დეპუტატი გახდეს 71, ხოლო ოცნებას დარჩეს 67. მოკლედ, მოგვიწოდებენ, რომ მოვახდინოთ ნაცების ხელისუფლების რეანიმაცია. ლოგიკურად უნდა დავასკვნათ, რომ მიმართვის ავტორთა აზრით, სწორედ ასეთ შემთხვევაში მოხდება “ევროატლანტიკური ვექტორისა და  ლიბერალური ღირებულებების დაცვა”.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობის მანტიამოსხმული ნაცმოძრაობის ეს პროპაგანდისტები სულ არ დარდობდნენ იმას, რომ ისინი, ვისი მხარდაჭერისკენაც  მოუწოდებენ პარტიებს, თავისი მმართველობის დროს სწორედ კონსტიტუციისა და კანონების ჭრა-კერვით და საკუთარ ტანზე მორგებით, სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცით, მთელი საინფორმაციო სივრცის აგიტაცია-პროპაგანდის იარაღად გადაქცევით, ნებისმიერი ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნით და მისთვის მტრული ქვეყნის აგენტურის იარლიყის მიკერებით იყვნენ დაკავებულები და თუმცა ლიბერალური ღირებულებების დამცველების ლოზუნგებს იყვნენ ამოფარებულები, რეალურად მათი მმართველობის ფორმები და მეთოდები ნეოფაშისტურ და ნეობოლშევიკურ ნაზავს წარმოადგენდა.

ან იქნებ, “ევრო-ატლანტიკური ვექტორისა და  ლიბერალური ღირებულებების დაცვა” იყო მოქალაქეთა განკულაკება და კერძო საკუთრების ნაციონალიზაცია ადეკვატური კომპენსაციის გარეშე, ბიზნესის ფარული თუ აშკარა რეკეტი და ყველაზე მომგებიანი ბიზნესების სახელისუფლო მონოპოლიზაცია, ისეთი სასამართლოს არსებობა, რომელშიც პრაქტიკულად გამორიცხული იყო გამამართლებელი განაჩენების გამოტანა და რომელიც ორიენტირებული იყო არა ჭეშმარიტების დადგენაზე, არამედ მხოლოდ იმის ხელშეწყობაზე, რომ ბრალდებულს ეღიარებინა (ან საკუთარ თავზე დაებრალებინა) დანაშაული, ემხილებინა სხვა დამნაშავე (ან ვინმესთვის დაებრა-ლებინა) და ამის საფუძველზე, სოლიდური ჯარიმის (ფაქტიურად ლეგალიზებული ქრთამის) გადახდით და საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით მოეპოვებინა თავისუფლება ან რაიმე სხვა შეღავათები… ან იქნებ მხოლოდ ის იყო მთავარი, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ევროპული დროშის ფრიალის აკომპანიმენტით. შედეგად საქართველოში თვალთმაქცობისა და ფარისევლობის სიმბოლოდ იყო გადაქცეული ევროპული დემოკრატიული ღირებულებები, ანუ თავდაყირა დაყენებული ღირებულებათა სისტემა და საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით მოფრიალე ევროკავშირის დროშა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას განასახიერებს, ჩვენთან კარიკატურულად გამოიყურებოდა. რაც მთავარია, ამ მოწოდების ავტორთა შორის ბევრია ისეთი, რომელიც ამ თვალთმაქცობას ხელს უწყობდა.

ან იქნებ ის ერთპარტიული პარლამენტი იყო “ევრო-ატლანტიკური ვექტორისა და  ლიბერალური ღირებულებების დაცვა”, რომელიც  ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვადაში იღებდა პრეზიდენტისგან ნაკარნახებ ნებისმიერ კანონს. ან იქნებ ნაცების მმართველობის დროს იყოფოდა ხელისუფლების რეალურად 3 შტოდ და გარანტირებული იყო მათი დამოუკიდებლობა, ურთიერთდაბალანსება და ურთიერთკონტროლი, ან იქნებ არ იყო იმ დროს სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობდნენ მხოლოდ აგიტაცია-პროპაგანდის იარაღად ქცეული სახელისუფლო ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების ნებისმიერი ოპონენტისაგან მტრის ხატს ქმნიდნენ მისთვის მტრული ქვეყნის აგენტურის იარლიყის მიკერებით?

ან იქნებ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვას და ევრო-ატლანტიკურ ვექტორს” წარმოადგენდა ხელისუფლების მხრიდან მმართველი პარტიის გაიგივება სახელმწიფოსთან და იმის მუდმივი პროპაგანდა, რომ რაც კარგია ნაცების პარტიისთვის, ის კარგია ქვეყნისთვის და რომ ამიტომ ნებისმიერი კანონი უნდა მოერგოს პარტიის ინტერესებს, როდესაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ ითვლებოდა ნებისმიერი დონის არჩევნებში ყველანაირი უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მმართველი პარტიის გამარჯვების დასაფიქსირებლად, რადგანაც “მხოლოდ მმართველმა პარტიამ იცოდა ქვეყნისა და ხალხისათვის ყველაზე სწორი და სამართლიანი გზა” და ამიტომ ნებისმიერ არჩევნებში წარმატების მისაღწევად სრულიად გამართლებულად ითვლებოდა მთელი სახელმწიფო რესურსების (სახელმწიფო აპარატი, სახელმწიფო ფინანსები, რეპრესიული მეთოდები, უსამართლო სასამართლო და ა. შ.) გამოყენება.

ან იქნებ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ევრო-ატლანტიკურ ვექტორი” იყო საზოგადოების მართვის მეთოდებად და ხელისუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად მოქალაქეთა ტოტალური კონტროლის, ძალადობის, დაშინებისა და მოსყიდვის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლიტიკური პოზიციის გამო მოქალაქის (ან მისი ოჯახის წევრის) სამსახურიდან გათავისუფლება, კანონისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება და ლენინურ ლოზუნგზე (“Интеллигенция – говно”) დაყრდნობით მოაზროვნე ინტელიგენციის “ჩარეცხილებად” გამოცხადება.

იქნებ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ევრო-ატლანტიკურ ვექტორისკენ სწრაფვა” იყო მიტინგების სადისტური და საჩვენებელი მეთოდებით დაშლა, ხოლო პერიოდულად  ხალხის დასაშლელად გამოყვანილი პოლიციის ქვედანაყოფებისგან ქვეყნის პრეზიდენტის სახელის სკანდირება (რაც შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ კომუნისტურ და ფაშისტურ რეჟიმებში), იდეოლოგიზირებული პიონერთა თუ კომკავშირელთა მსგავსი ბანაკების თუ “ჰიტლერიუგენდის”; ტიპის ორგანიზაციების ფუნქციონირება “პატრიოტების”, ნახევრად ლეგალური «ზონდერბრიგადების», თუ კომკავშირის ტიპის სტუდენტური თვითმმართველობების სახით, რომელთა გავლა კომკავშირული ტრადიციის მიხედვით, პარტიული კარიერის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური იყო.

ნუთუ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ევრო-ატლანტიკურ ვექტორი” იყო იმ ორგანოების ერთი ცენტრიდან მართვა, რომლებიც მოქალაქეს აპატიმრებენ, საქმეს იძიებენ, ასამართლებენ და სასჯელს აღასრულებენ, როდესაც ერთ გუნდს წარმოადგენდა შსს (რომელშიც, ბოლშევიკური რეჟიმის მსგავსად, გაერთიანებული იყო უშიშროების სამსახურიც), პროკურატურა, უსამართლო სასამართლო და სასჯელაღსრულების დაწესებულებები, რაც საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას ყოველთვის გამარჯვებული გამოსულიყო კონკრეტულ, თუნდაც ცამდე მართალ რიგით მოქალაქესთან დაპირისპირებაში.

იქნებ მართლა “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვად და ევრო-ატლანტიკურ ვექტორად” მიაჩნიათ მიმართვის ავტორებს სახელმწიფო მოხელეთა უფლებამოსილებების უზომოდ გაზრდა და ამის პარალელურად რიგითი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალურად შეზღუდვა და ამ ყველაფრის კეთება ქვეყნის ინტერესების დაცვის ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების ფონზე. მთავარი აქცენტის გაკეთება სახელმწიფოს სიძლიერის სიმბოლოებად გამოცხადებული ინსტიტუციების არმიისა და პოლიციის ძლევამოსილების სისტემატურ დემონსტრირებაზე, რაც ხელისუფლების მხრიდან მხარდამჭერთა მობილიზაციისა და რიგით მოქალაქეთა შორის პროტესტის გამოვლენის სურვილის ძირშივე აღმოფხვრის მიზანს ემსახურებოდა. ძალოვანი სტრუქტურების უძლეველობის ჩვენების ფონზე საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების წარმოება და პროპაგანდისტული მანქანის მიერ ამის კრიმინალთან ბრძოლად და ქვეყანაში წესრიგის დამყარებად წარმოსახვა, ხელისუფლების იდეოლოგების მიერ ყველა ანტიჰუმანური და უსამართლო მოქმედების ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით გამართლება, საპროტესტო აქციების სამაგალითო სისასტიკით დარბე¬ვა და ა.შ.

მორიდებით შევახსენებთ მოწოდებაზე ხელმომწერებს, რომ დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, ასევე იცავს წამებისაგან, მონური შრომისაგან, უკანონო დაკავებისგან, უსამართლო სასამართლოსგან, ყოველგვარი დისკრიმინაციისგან და სხვა უკეთურობებისგან მოქალაქის თავისუფლების უფლებას, რისი სისტემატური დარღვევა და სრული იგნორირება ნაცების ხელისუფლების სამარკო ნიშანი იყო.

ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისაკენ გულმხურვალედ მომწოდებელ «სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს» ჩვენი მხრიდან მოვუწოდებთ, რომ ტყუილად ნუ ეცდებიან “დემოკრატიის პრინციპებით, ლიბერალური ღირებულებებით და ევრო-ატლანტიკური ვექტორით” მანიპულირებას, რადგან ხალხმა კარგად იცის, რომ სწორედ ნაციონალმა მოძრაობამ გადააქცია ეს პრინციპები თვალთმაქცობისა და ფარისევლობის სიმბოლოდ, დაიყვანა ისინი მხოლოდ პრიმიტიულ ანტირუსულ ისტერიამდე, რომელიც საბოლოო ჯამში სწორედ რუსეთისათვის ქართული ტერიტორიების გადაცემით დასრულდა. მათი მხარდაჭერისაკენ მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა ბნელ წარსულში დაბრუნების სურვილის ღიად გაცხადება, რასაც ქართველი ხალხი ვერ გაიზიარებს, რაც არ უნდა ლამაზი ფრაზეოლოგიით და სწორ ღირებულებებზე აპელირებით შეფუთოთ ეს მოწოდებები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება