გია ბარამიძე – ვინც ჩვენს ოფიში  შტურმით მოვა, ფარად დავდგებით და ფიზიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ, აქ იქნება ნიკა მელია და არსად არ წავა, ყველანი მასთან ვიქნებით, იგი მშვიდობიანი ბრძოლის სიმბოლოა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის განცხადებით, ნიკა მელია მარტო არ არის და ყველა, ვინ მათ ოფისში პარტიის თავმჯდომარის დასაკავებლად მივა, ფიზიკურ წინააღმდეგობას გაუწევენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას. ათასობით ქართველი პატრიოტი, არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არამედ  სხვა პარტიებიდანაც, ყველა ის თავმოყვარე ადამიანი, რომელთაც  „ქართული ოცნების“ მიერ  გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშრებით პროტესტის გრძნობა ჰქონდა, მზად არის ფიზიკურად დადგეს  და ნიკა მელიას ფარად დაუდგეს. ვინც ჩვენს ოფიში  შტურმით მოვა, ფარად დავდგებით და ფიზიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ . აქ იქნება ნიკა მელია და არსად არ წავა, ყველანი მასთან ვიქნებით.

ნიკა მელია  პუტინის რეჟიმისა და გავრილოვების   წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლის სიმბოლოა. დღეს უკვე არის საერთო სახალხო ბრძოლა,“ – განაცხადა გია ბარამიძემ.

პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. მათ პროკურატურას თანხმობა მისცეს, რომ ნიკა მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

დადგენილება 88 ხმით მიიღეს,. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.