მედიასექტორის პარალიზება და პოლიტიკურ იარაღად გამოყენება უნდა დასრულდეს!

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

“მეოთხე ხელისუფლებად ” წოდებულ მასმედიას დიდი ძალა აქვს , ის დიდ როლს ასრულებს ქვეყნის წინსვლაში. ყოველი სტატია თუ რეპორტაჟი მოქალაქეებს შემეცნებისა და მოქმედებისაკენ მოუწოდებს, ამიტომ აუცილებელია სწორად, ობიექტურად გაშუქდეს ესა თუ ის მოვლენა, რადგან ეს ყოველივე ქვეყნისა და მისი საზოგადოების წინსვლის საწინდარია. ის დრო , როდესაც მედიასექტორი პოლარიზებული იყო და ტელეარხები გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური იარაღი უნდა დასრულდეს.

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და შემდეგ თავად განსაზღვოს რა რეაგირებას მოახდენს მასზე.

მოვლენების ობიექტურად გაშუქება დაეხმარება მედიას მოსახლეობის თვალში აღიდგინოს ის ნდობა და რეპუტაცია, რაც დაკარგა ბოლო წლების განმავლობაში.

დღეს არსებული სტანდარტით

ნებისმიერ პირს აქვს უფლება, თავისუფლად შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია, აგრეთვე ეწეოდეს ჟურნალისტურ საქმიანობას ყოველგვარი ნებართვის, ლიცენზიის ანდა ჟურნალისტური სპეციალური განათლებისა და პრაქტიკის გარეშე ანუ სახეზეა ორი კატეგორია:

1.ჟურნალისტები, რომლებიც ეწევიან ჟურნალისტურ საქმიანობას ყოველგვარი ნებართვის, ლიცენზიის ან განათლების გარეშე და ჟურნალისტები, რომლებიც ერთიანდებიან საქართველოს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის”ფარგლებში და იცავენ იქ ჩამოყალიბებულ პრინციპებს.

ვნახოთ რა წესების დაცვისათვის აერთიანებს ჟურნალისტური ქარტია ჟურნალისტებს:

ჟურნალისტი ვალდებულია ემსახურებოდეს სიმართლეს, ინფორმაცია მოიპოვოს ეთიკური და სამართლიანი მეთოდებით, მოპოვებული ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი და არ შეიძლება გაყალბდეს რაიმე ფორმით. ჟურნალისტი ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სინდისისა და პროფესიული ეთიკის ფარგლებში და შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს საზოგადოება. ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ უნდა შეიჭრას პირად ცხოვრებაში თუ არ  არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი ამ პირის მიმართ, მაშინ ვალდებულია დაიცვას ამ შემთხვევებში მოქმედი სტანდარტი.

ეს იმ პრინციპთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ალბათ “ჰიპოკრატეს” ფიცივით უნდა დაიცვას ჟურნალისტმა.

თუმცა გარკვეულ საკითხებზე ყურადღებას მაინც გავამახვილებ:

ალბათ შეგინიშნავთ, რომ ხშირად საინფორმაციო საშუალებები ამბავს უარყოფით კონტექსტში აშუქებენ, ხშირად ფაქტის წინ წამოწევა ჟურნალისტის მიერ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება, რაც რა თქმა უნდა ყველანირი ნორმის დარღვევაა, ასევე უმეტესად ერევათ, არ აქცევენ ყურადღებას და არ ითვალისწინებენ წესებს, რომელიც დადგენილია კონკრეტულ ჟანრში მოღვაწე ჟურნალისტისათვის მაშინ როცა კონკრეტულ ჟანრში მოქმედების სპეციფიკა დაარსებული მოთხოვნების ხვადასხვაგვარია და კონკრეტული გადაცემისა თუ ბლოგის ფორმატიდან გამომდინარე სუბიექტური აზრის გამოხატვის საჭიროება შესაძლოა პირდაპირაც იყოს გათვალისწინებული.

ხშირად არ ხდება ფაქტისა და კომენტარის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, მაგ: პოლონეთის მაგალითზე: ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა გულისხმობს ინფორმაციის ისეთი საშუალებით მიწოდებას, რომ ადრესატმა შეძლოს შეხედულებებისა და მოსაზრებების განსხვავება.

ფინეთის მაგალითზე: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება გაარჩიოს ფაქტები თვალსაზრისისა და ინტერპრეტაციისაგან, რაც ამბისაგან ფონის შესაქმნელად გამოიყენება,

არ არსებობს დებატების ფორმატი ან თუ არსებობს არასწორადაა გაგებული, მაგალითად: დებატები არ უნდა ემსახურებოდეს საკუთარი თავისა და პარტიის რეკლამირებას, არამედ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებზეც პოლიტიკოსმა უნდა გასცეს პასუხი და სხვა…

შეამჩნევდით, რომ უმეტეს შემთხვევაში კითხვის დასმის ფორმა არ არის დაცული, რაც ხშირ შემთხვევაში მეორე მხარის არაეთიკურ პასუხს განაპირობებს, ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ჟურნალისტი ერთ კითხვაში მოიაზრებს ორ-სამ აზრს და საკუთარი სუბიექტური აზრიც იკითხება, უფრო მძიმეა სიტუაცია მაშინ, როცა ჟურნალისტს უწევს მწვავე კითხვის დასმა პოლიტიკოსისათვის ან სხვა პირისათვის და ეს პირი მისი ახლო მეგოაბრია, ხშირია შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს, სააგენტოებს უკავშირდებიან და მეგობრობის “ხათრით” საკითხზე ცოტა “რბილად” საუბარს სთხოვენ. ამ არასწორი დამოკიდებულების გამო ბევრი ჟურნალისტი დამდგარა და დგება არჩევანის ზღვარზე იმოქმედოს საკუთარი სინდისის, პროფესიული ეთიკის ფარგლებში თუ არ დაკარგოს “მეგობარი”.

ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია და დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, მის განწყობაზე, პასუხისმგებლობის დონეზე და რაღათქმაუნდა იმ რისკებზე, რომლის წინაშეც შესაძლოა ის დადგეს.

თუმცა სწორია, თუ მოვახერხებთ ოქროს შუალედის პოვნას და საქმესა და მეგობრობას გავმიჯნავთ ერთმანეთისაგან, ამგვარი დამოკიდებულება გაგვიადვილებს როგორც პირადი სახის ადამიანურ ურთიერთობებს ასევე მოგვცემს შესაძლებლობას პირნათლად ვაკეთოთ საქმე საკუთარი სინდისისა და საქმის შესაბამისად.

სხადასხვა ქვეყნებში არსებული და ასევე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სისტემა იცავს ჟურნალისტებს, ზუსტად განსაზღვრავს რა მათ უფლებება-მოვალეობებს და დაცვის მექანიზმებს, ასევე   მეტნაკლებად ავალებს ზღვარს პირად სივრცესა და პროფესიულ სივრცეს შორის, თუმცა ბოლომდე ეს ზღვარი დაცული მაინც ვერ იქნება.

საქართველოში, სადაც მცნება ჟრნალისტი გაქრა, სადაც არ არსებობს ერთიანი სავალდებულო, ეთიკური მოქმედების სტანდარტი და სხვა მრავალი, რა გასაკვირია რომ ჟურნალისტების უმეტესობა პროფესიული საქმის განხორციელებისას მიდის არაეთიკურ ქმედებებზე,თან მაშინ როცა იცის, რომ მის მიერ მოპოვებულ სენსაციურ მასალას მისი და მედიასაშუალების ფინანსური წარმატება და რეიტინგულობა მოჰყვება.

ყოველი ადამიანი საკუთარი პროფესიის სახეა, ამიტომ უნდა გავიაზროთ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და მანამ სანამ ეს საკითხები საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდება და დარეგულირდება, მოვიპოვოთ მეტი ინფორმაცია ჩვენი პროფესიის ირგვლივ, გავეცნოთ  საზღვარგარეთ არსებულ სტანდარტებს. ამ ყველაფერს დავუმატოთ ჩვენივე შინაგანი კულტურა, რომელიც განაპირობებს ჩვენს ეთიკურ ქცევას და მერწმუნეთ, როცა გვეცოდინება საკუთარი საქმის განხორციელებისას საკუთარი უფლება-მოვალეობები და ეთიკური ნორმები, ნაკლებ დისკომფორტს შევუქმნით ერთმანეთს როგორც პროფესიონალები და როგორც მეგობრები.

 

 

კომენტარის დატოვება