მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაუყოვნებლივ იმოქმედონ ამ კრიზისის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირებისთვის – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაუყოვნებლივ აიღონ ამ კრიზისისა და მის საფუძვლად არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულება, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ამერიკელი კონგრესმენის, ჯერალდ კონოლის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც სენატორი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, ის შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის გახსნის ერთადერთი გზაა

სამწუხაროდ, ბოლო პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებისთვის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას.

სულ რაღაც ათი დღის წინ მე ხელახლა წარვადგინე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის წინაშე. თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მნიშვნელობას.

გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის პირობების შექმნის გზით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ მისწრაფებაში. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან ავტოკრატიების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.