ხიდაშელი: სესიაშვილს მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია!

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, პოპულისტური და ქვეყნისთვის საზიანო უწოდა.

თინა ხიდაშელი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მონური შრომა ნორმალურია.

„სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ძალიან სხვადასხვა მხარეს ვდგავართ“- განაცხადა მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ მიღებულია მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრეზიდენტიც აწერს, სადაც წერია, რომ 2017 წლიდან თავდაცვის სამინისტრო გაწვევას აღარ განახორციელებს.

-„“მე ამ საკითხზე ყველა ოფიციალურ ფორმატში ვსაუბრობდი, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო თავდაცვისა და უშიშროების საკომიტეტო მოსმენა. გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს გავახმოვანე, რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი უდევს საფუძვლად. საქართველოს სატრატეგიული დოკუმენტები აქვს მიღებული და ამ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება სავალდებულო გაწვევა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და შესაბამისად მთავრობასთან არა თუ შეთანხმებულია, არამედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის დადასტურებული. არსებობს ანალოგიური შინაარსის ბრძანებულება, რომელსაც ხელს პრეზიდენტი აწერს. ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატოს წინაშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარშავის სამიტის წინ ერთგულება გამოვიჩინოთ ჩვენი გადაწყვეტილებების წინაშე“-აღნიშნა ხიდაშელმა.

კომენტარის დატოვება