ივანიშვილის განუსაზღვრელი ძალაუფლება ჩვენი შვილების სისხლის ფასად დაგვიჯდება!

დავით ნებიერიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია”

მე მგონი ეჭვი აღარავის ეპარება იმ პერსპექტივაში, რომ თუ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში ჩამოგვართმევს უფლებას პირდაპირი და საყოველთაო წესით ავირჩიოთ სახელმწიფოს პრეზიდენტი. აი აქ უკვე თავი დაანებეთ სხვა და სხვა ქვეყნებში არსებული მოდელების განხილვას და აზრების კონცენტრაცია მოახდინეთ უშუალოდ ჩვენთან შექმნილ მოცემულობაზე:

მაშინ როდესაც არაფორმალური ლიდერი ქვეყანაში ქმნის ფაქტიურ ჯამაჰირიას და ხელში იგდებს განუსაზღვრელ ძალაუფლებას კონსტიტუციური უმრავლესობის გზით და მას ხელეწიფება შეცვალოს და მოირგოს საკუთარ თავზე ქვეყნის უზენაესი კანონი – კონსტიტუცია, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება და კიდევ უფრო დიდი ფასი ედება პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორ კონსტიტუციის გარანტს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ივანიშვილს უკვე უზურპირებული აქვს როგორც საერთო სასამართლოების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლება. მაშ რა გამოდის? ერთად-ერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელმაც მართლა შეიძლება დაიცვას კონსტიტუცია, ჩვენი უზენაესი უფლებები, იყოს კონსტიტუციის გარანტი, არის საქართველოს პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ერთად-ერთი გარანტი და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე არაფორმალური მმართველობის დამაბალანსებელი და კონტროლის მექანიზმი  ანუ, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე არჩევით პიროვნებას ჩაანაცვლებს საკუთარი საპარლამენტო უმრავლესობითვე დანიშნული პიროვნებით. ანუ, საკუთარი მორიგი ხელის ბიჭით.

ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ამ უკანასკნელი ბასტიონის დაცემის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ერთი გაუნათლებელი დაკომპლექსებული და ხარბი ადამიანის დიქტატურას. უფრო სწორედ ჯამაჰირიას, რომელიც აღარც დროში იქნება შეზღუდული და აღარც კანონებით. კანონებს თავად დაწერს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩაგდებას ის ცდილობს საერთო ამომრჩეველთა მხოლოდ 25%-ის ნების საფუძველზე. ანუ, ამკვიდრებს უმცირესობის დიქტატურას.

დაიცავით საკუთარი მომავალი და ნუ დარჩებით მდაბიო ბატონის სურვილების ამარა. გაუფრთხილდით თქვენი შვილების მომავალს. 1 ნოემბერს უკვე გვიანი იქნება. მერე ეს კაცი აღარასოდეს წავა არჩევნების გზით. ნუ მოისპობთ მომავალს და ნუ გარისკავთ საკუთარი შვილების სიცოცხლით. მათ მოუწევთ ქუჩაში დგომა და საკუთარი უფლებების დაცვა. მათი ბრძოლა კი მძიმე და სისხლიანი იქნება. იმიტომ, რომ განუსაზღვრელი ძალაუფლება განუსაზღვრელად გარყვნის ხელისუფლებას და მისი გარყვნილება ჩვენი შვილების სისხლის ფასად დაგვიჯდება!

კომენტარის დატოვება