დავით ზალკალიანი – ახალი მასალები გადაცემულია აზერბაიჯანული მხარისთვის, უახლოეს პერსპექტივაში კომისია განახლებული შემადგენლობით შეიკრიბება და დაიწყებს მსჯელობას დავით გარეჯის საკითხზე

დავით გარეჯის პრობლემა დღეს არ წარმოქმნილა, 90-იანი წლებიდან დაიწყო, 1996 წელს იყო პირველი შეხვედრა კომისიების, როდესაც მიღებულ იქნა ეს ოქმი, უკვე რამდენი წელია, სამწუხაროდ, გასული, უკვე 25 წელია გასული და ვერ მოგვარდა ეს პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემები არის საბჭოს კავშირის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც მიიღო საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ.

„საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ 2018 წლიდან, ამ სამინისტროს შემადგენელი ნაწილი ვარ და ჩემამდე ბევრი ადამიანი იყო, ვინც ამ სამინისტროს ხელმძღვანელობდა. დავით გარეჯის საკითხი ყველა მინისტრისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო, მაგრამ აქ არის ობიექტური, სუბიექტური ფაქტორები. როგორ გგონიათ, ის რომ დღეს გამოვლინდა ის ბევრი პრობლემა, ეს ხომ არის იმ მუშაობის შედეგი, რომელიც წინა წლებში განხორციელდა. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, 2018 წელს როდესაც დავნიშნე, ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, მოვიკითხეთ კომისიის საქმიანობა და როგორ მუშაობდა კომისია. 2014 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა და მაშინ მოვითხოვეთ ჩვენ ამ კომისიის საქმიანობის შედეგები და იქიდან მოყოლებული მიდის მუშაობა, რომ მოგვეპოვებინა დამატებითი მასალები, დამატებითი კარტოგრაფიული საშუალებები, რათა ჩვენი არგუმენტები ყოფილიყო გამყარებული. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, იცით თქვენ, ადვილი არ არის იმ რუკებისა და კარტოფრაფიული მასალების მოპოვება. ამ პროცესზე ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობთ და ეს არ ნიშნავს, რომ ეს სადღაც თაროზე გვქონდა შემოდებული ან ამის შესახებ არ ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს. მუდმივად ვსაუბრობდით ამაზე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქმე სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს და სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე ვცდილობთ, მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის და იმ ისტორიისთვის. ახსნა არ სჭირდება ამას, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თვითმყოფადობის, იდენტობის შემადგენელი ნაწილია ეს. სტუდენტი ვიყავი და სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად დავდიოდი, 9 აპრილს აქ ვიყავი ამ პარლამენტის წინ და დავით გარეჯით დაიწყო, თუ გახსოვთ ეს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კომისიის შემადგენლობა განვაახლეთ, დავიწყეთ ექსპერტებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობა, რათა მათი საერთაშორისო ექსპერტიზა გვქონოდა, რამდენად სწორად იყო გამოყენებული ეს რუკები და რა შეცდომები იყო, ეს საექსპერტო დასკვნები არსებობს. ვინ მოიპოვა, ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ხომ ეს საექსპერტო დასკვნები და ახალი რუკებიც, რომელიც გვაქვს. მერწმუნეთ, ეს მთავარ პრიორიტეტულ საკითხებს შორის არის, მუდმივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, როდესაც სექტემბერში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თბილისში ჩამოსული, მასთან ჰქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი, ძალიან ღია, ისე როგორც შეეფერება სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი მხრიდან მიმღებლობა ამ საკითხის იყო საკმაოდ პოზიტიური.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაგებით მოეკიდა ჩვენს პოზიციას. ახალი მასალები გადაცემულია მათთვის და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერსპექტივაში კომისია განახლებული შემადენლობით შეიკრიბება და დეტალურად დაიწყებს მსჯელობას ზუსტად ამ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, საკითხი იქნება მიღებული ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, ისე როგორც ეს შეეფერება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.