გიგი უგულავა – როგორც ციხეში ნამყოფი კაცი, ერთ რამეს გეტყვით, მაგარი შეძახილით გავამხნევოთ ნიკა მელია, ციხე არ კლავს, მხოლოდ აძლიერებს

დღეს არ არის კარგი დღე, დღეს არის 23 თებერვალი, საბჭოთა არმიის, მე-11 დამპყრობელი არმიის დღე, რომელიც ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა ასე აღნიშნეს. დღეს არის დღე, როდესაც საქართველოში გაფორმდა დიქტატურა, – ამის შესახებ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა  გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, ციხე არ კლავს, მხოლოდ აძლიერებს და ნიკა მელია გამოვა ძლიერი.

„ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ეს ბრძოლა ახლა იწყება. ეს ბრძოლა ციხიდან იწყება, ეს ბრძოლა აქედან იწყება და ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება. მეგობრებო, ახლა ყველა ერთად ინგოროყვას ქუჩით და შემდეგ აქვე ჩიტაძის დაღმართით გავემართოთ პარლამენტისკენ. იქ, სადაც მთავარი ბოროტება ზის, იქ სადაც ერთპარტიული პარლამენტია, იქ სადაც რუსეთი გაამეფეს, იქ სადაც მოსკოვია, მაგრამ ის თბილისია, თბილისი ცენტრია და ივანიშვილი მას ვეღარასდროს გაარუსებს. წავიდეთ ახლა, მეგობრებო, ერთად, იმ ჩვენ მეგობრებს, რომლებიც დღე და ღამე, 50 დღეა, სხედან კარავში, ჩვენს გამო სხედან, ჩვენს საქმეს აკეთებენ, მათ გვერდზე დავდგეთ. იქ, სადაც, თითქოს არაფრის უფლებას არ გაძლევენ, არადა პარლამენტია იქ, სადაც ყველაფრის უფლება აქვს ადამიანს კანონით და კონსტიტუციით. ამიტომ, მეგობრებო, სულ მალე, 10 წუთში კიდევ რამდენიმე გამომსვლელია, არ დავიშალოთ და ჩავიდეთ პარლამენტთან, იქ კიდევ ერთხელ ვთქვათ სათქმელი.

ბოლოს, მე, როგორც ციხეში ნამყოფი კაცი, ერთ რამეს გეტყვით, ახლა მაგარი ტაშით, მაგარი შეძახილით გავამხნევოთ ნიკა, ყველამ ერთად. მეგობრებო, ციხე არ კლავს, ციხე მხოლოდ აძლიერებს, ეს არ არის მისი დაკარგული დრო, ეს არის ის დრო, რომელიც მას გააძლიერებს. ის მალე გამოვა და ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას ამ საზიზღრობისგან, რასაც ივანიშვილი და ეს ცახესი ღარიბაშვილი ჰქვია, გაიხარეთ მეგობრებო“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.