ირაკლი ღარიბაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ქვეყნის კეთილდღეობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დროებით ოკუპირებულია, გზა, რომელიც ქვეყანას გაერთიანებასთან მიიყვანს, ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში განუცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღე გვახსენებს, რამდენად დიდია ჩვენი გმირების დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, გასწირეს საკუთარი სიცოცხლე, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომ, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასთან. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ერის გაერთიანება. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.