შს მინისტრის ყოფილი მოადგილე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს

“ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე “ქართული ოცნების” ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 24 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავიდა. 24 ივნისს გამართულ სხდომაზე ბრალდებულებმა, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.

პროცესს სამივე ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, დანარჩენი ორი ბრალდებული – ვაჟა ლილუაშვილი და ლევან ქარდავა სხვა საქმეებთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფებიან, რაც შეეხება შოთა ხიზანიშვილს, ის  განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.

ვაჟა ლელუაშვილს  3-წლიანი პატიმრობა, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა შოთა  უტიაშვილი. მისი თქმით,  ხიზანიშვილის დაკავებით ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გასცა პასუხი.

„საქმე გრძელდებოდა ოთხი წელი. მასში ათზე მეტი მონაწილე იყო, ზოგს განრიდება გაუკეთეს, ზოგი საქმეს ჩამოაშორეს, პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ივანიშვილმა მერაბიშვილის ერთ-ერთი ახლო მეგობრის დაჭერით გასცა პასუხი სტრასბურგის განაჩენს. ცხადია, ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. სხვა ყველა გაცილებით მშრალად გამოიყვანეს. მაგალითად, უფრო მძიმე ბრალდებით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ხვედელიძეს ერთი წამიც კი არ გაუტარებია ციხეში, ხოლო ხიზანიშვილი დაააკავეს. განაჩენი უსამართლოა, თუმცა ფორმალობას დავიცავთ და მას გავასაჩივრებთ. მაგრამ ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია სასამართლო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაცილებით კარგად დამთავრდება“- განაცხადა უტიაშვილმა.

კომენტარის დატოვება