კახა კალაძე –  მნიშვნელოვანია ის მოწოდებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, ხელისუფლებამ და  ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარის დაწყება უნდა მოვახერხოთ, სხვანაირად შეუძლებელია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მოწოდებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„მათაც აქვთ სურვილი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც განსაკუთრებით, ბოლო წლებში იგრძნობა, გაგრძელდეს. არის მხარდაჭერა და მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება და პოლიტიკური დისკუსიის დაწყება მოვახერხოთ. სხვანაირად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი – აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მომავალას. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, არის აუცილებელი. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.