თამარ გაბუნია: ქვეყნები, რომლებიც ჯერაც მიეკუთვნებიან დაბალი შემოსავლის ქვეყნებს, მოხვდნენ გარკვეულწილად პრიორიტეტულ ჯგუფში, მაშინ, როდესაც საქართველო თავად აფინანსებს ვაქცინებს

ის ქვეყნები, რომლებიც ჯერაც მიეკუთვნებიან დაბალი შემოსავლის ქვეყნებს, მოხვდნენ გარკვეულწილად პრიორიტეტულ ჯგუფში, მაშინ, როდესაც საქართველო თავად აფინანსებს ვაქცინებს – ეს არის მიღწევა ქვეყნისთვის და შესაბამისად, ამის მიხედვით მოხდა ქვეყნების კატეგორიზაცია, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს COVAX-ისგან ვაქცინა წლის პირველ კვარტალში უნდა მიეღო და ქვეყნის მზაობა სამი სხვადასხვა ორგანიზაციის ექსპერტებმა შეაფასეს.

„საქართველო მოხვდა 18 ქვეყანას შორის, რომელსაც პირველ ეტაპზე COVAX-ისგან Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები პირველ კვარტალში უნდა მიეღო. ეს მზაობის შეფასება იყო ძალიან კომპლექსური, ხანგრძლივი პროცესი, 3 ძალიან სერიოზული, სხვადასხვა ორგანიზაციის ექსპერტები იღებდნენ ამაში მონაწილეობას. ამდენად, ეკონომიკური სტატუსის მიხედვით რომელ ჯგუფში მოვხვდებით, ეს აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული ჩვენს სურვილზე, ეს ფასდება ობიექტური ეკონომიკური პარამეტრებით“, – განაცხადა გაბუნიამ.