არჩილ თალაკვაძე – ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას

ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა ორი თანათავმჯდომარის ხელმძღვანელობით წარიმართოს, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვება პროცესს.

„ვეხმაურებით მოთხოვნას, სადაც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.