გუბაზ სანიკიძე – ყოველგვარი ენის მოჩლექვის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ველური ქვეყანა ვართ, არის  ვერსია, რომ ფარული ჩანაწერები მმართველი გუნდის შიგნიდან არის წამოსული

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შესაძლოა, ფარული ჩანაწერები იმისთვის გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ამის შესახებ მან  ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„შესაძლოა, ეს ჩანაწერები იმისათვის გაკეთდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ეს ჩანაწერები ორმხრივ რადიკალიზაციას ხელს უწყობს. ნუ ვიგულისხმებთ მხოლოდ შიდა წრეს, შეიძლება გარე წრის ინტერესიც იყოს. ჩრდილოეთს არ უნდა, რომ კომპრომისი შედგეს, რომლის შედეგიც იქნება ამ ხელისუფლების კონსტიტუციური ცვლილება. შესაძლოა, სურთ, რომ რადიკალიზაცია გაღრმავდეს და ერთმანეთს შევასკდეთ ისევ. ჩვენ უნდა გვინდოდეს კომპრომისი, მაგრამ არსებობს ქვეყნის გარეთ ძალა, რომელსაც აქ კომპრომისი არ უნდა, ურჩევნია, რომ ქართველები შევეხეთქოთ ერთმანეთს. დასავლელებს ზედმეტი თავის ტკივილი არ უყვართ და იტყვიან: ,,რადგანაც ველური ქვეყანაა, მოდი ველურმა რუსებმა მიხედონ ამ ველურ ქართველებს“, – განაცხადა  გუბაზ სანიკიძემ.

როგორც სანიკიძე აღნიშნავს, ფარული ჩანაწერების გავრცელება ძალიან მძიმე ამბავია და არის  ვერსია, რომ ჩანაწერები მმართველი გუნდის შიგნიდან არის წამოსული.

„ეს ძალიან მძიმე, სამწუხარო და თავზარდამცემი ამბავია. ყოველგვარი ენის მოჩლექვის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ველური ქვეყანა ვართ, როგორც ჩანს, ეს უკვე ქცევაში გვაქვს გადასული. გვაქვს ვერსია, რომ ეს შიგნიდან არის წამოსული და ერთმანეთსაც უწერენ და ერთმანეთს უქვეყნებენ. ის მანკიერი მოვლენა, რაც დამკვიდრდა საქართველოში, ერთმანეთის მოსმენასთან და ჩაწერასთან დაკავშირებით, უკუპროცესი დაიწყო. ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს სხვების ჩაწერა და კომპრომატების მოგროვება. როგორც ჩანს, აქამდე „ქართული ოცნების“ მონოლითი სწორედ შანტაჟზე და არა იდეის ერთგულებაზე, ან საერთო საქმეზე იდგა. ეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული და მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების ურთიერთობები ძალიან გაღრმავებულია,“ – აღნიშნავს სანიკიძე.